საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები


   II კლასი
მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება

ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების  დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სვამს მარტივ კითხვებს შესასწავლი სხეულის/მოვლენის შესახებ;
·         აკვირდება შესწავლის ობიექტს საკუთარი შეგრძნების ორგანოების ან  მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით;
·         უსაფრთხოების წესების დაცვით მონაწილეობს მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში;
·         ამოიცნობს, აღწერს  და ახარისხებს  სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში;  
·         აგროვებს და ჩაინიშნავს კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო  მონაცემებს (ნახატების, პირობითი ნიშნების საშუალებით);
·         ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
·         იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას (მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი მოსაზრებების ან/და კვლევის შედეგების წარდგენისას.

მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.II.2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სიცოცხლის ძირითადი ნიშნების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჩამოთვლის ცოცხალი სხეულების დამახასიათებელ ნიშნებს;  
·         ირჩევს ცხოველს, აკვირდება და აგროვებს ინფორმაციას როგორ მოძრაობს, იკვებება, სუნთქავს, იზრდება, ვითარდება და მრავლდება. საკუთარ მონაცემებს ადარებს თანაკლასელების ნამუშევარს;
·         მოჰყავს მაგალითები ადამიანის ზრდა-განვითარების პროცესის საილუსტრაციოდ (მაგ., ტანისამოსის დაპატარავება, სარძევე კბილების მოცვლა) ან წარმოადგენს თვალსაჩინო მასალას (მაგ., სხვადასხვა ასაკში გადაღებულ ფოტოსურათებს);
·         ადარებს ერთმანეთს ზრდასრულ ცხოველებს და მათ ნაშიერებს, აღწერს ზრდა-განვითარების პროცესში მომხდარ (მაგ., ზომის, ფერის, საფარველის) ცვლილებებს;
·         აკვირდება და აღწერს მცენარეების ზრდის პროცესს (მაგ., ხორბლის აღმონაცენის  სიმაღლის მატებას),  წერილობით ან ფოტოების საშუალებით აღრიცხავს დაკვირვების შედეგებს.

შინაარსი
მცენარეები და ცხოველები ცოცხალი სხეულები, ანუ ორგანიზმები. ისინი იკვებებიან, იზრდებიან, სუნთქავენ, მოძრაობენ. კვება აუცილებელია ორგანიზმების არსებობსა და ზრდა-განვითარებათვის. ზრდა-განვითარების შედეგად შეიძლება შეიცვალოს მცენარეებისა და ცხოველების  ფორმა, ზომა, შეფერილობა, საფარველი და სხვა ნიშან-თვისებები. მოძრაობა ეხმარება ცხოველებს საკვების მოპოვებაში, თავის დაცვაში, საბინადროს მოწყობაში. ცხოველები გადაადგილდებიან სხვადასხვა სახის კიდურების საშუალებით (მათ შორის ხმელეთზე სამოძრაო კიდურები, ფარფლები, ფრთები).  მცენარეებიც მოძრაობენ, მაგალითად, ყვავილი შლება და იხურება, ფოთოლი იხრება მზისკენ. ოთახის მცენარეები და შინაური ცხოველები საჭიროებენ ადამიანის მზრუნველობას.


სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·         სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოთვალონ საკლასო ოთახში/გარემოში არსებული ცოცხალი და არაცოცხალი სხეულები; ან სთავაზობს ცოცხალი და არაცოცხალი სხეულების ილუსტრაციებს და სთხოვს, დააჯგუფონ ისინი და ახსნან, რატომ მიაკუთვნეს ესა თუ ის სხეული ცოცხალს ან არაცოცხალს;
·         აჩვენებს მოსწავლეებს ზრდასრული ცხოველებისა და მათ ნაშიერების ილუსტრაციებს/ვიდეოს; სთხოვს, ამოიცნონ რომელი ცხოველის შვილია; ახსნან, როგორ შეძლეს ამოცნობა, იმსჯელონ რა ცვლილებები განიცადეს ამ ცხოველებმა ზრდის პროცესში; სთხოვს აღწერონ, როგორ ზრუნვენ ცხოველები ახალ თაობაზე;
·         აწყობს მოსწავლეების მიერ გადაღებული ცხოველებისა და მათი ნაშიერების ამსახველი ფოტოების გამოფენას;
·         მოსწავლეებთან ერთად აკვირდება ხორბლის ან ლობიოს თესლის ზრდა-განვითარებას, ეხმარება მოსწავლეებს მონაცემების შეგროვებაში (ზრდა-განვითარების სხვადასხვა სტადიის აღრიცხვა  ჩანაწერების, ფოტოების,  ჩანახატის საშუალებით);
·         სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ კონკრეტული ცოცხალი სხეული და ჩამოთვალონ, რისი გაკეთება შეუძლია მას (მაგ., სიარული, საკვების მიღება, საუბარი), შემდეგ დაასახელონ არაცოცხალი სხეული (მაგ., რობოტი, ბურთი, ფანჯარა) და მოიფიქრონ, რისი გაკეთება შეუძლია ამ უკანასკნელს. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს დასკვნის გამოტანაში, რომ არაცოცხალ სხეულებს თავისთავად რაიმე სახის მოძრაობა ან ქმედება არ შეუძლიათ, მათი აქტივობა დამოკიდებულია რაიმე ზემოქმედებაზე (მაგ., რობოტს ამოძრავებს ადამიანი, სწორ ზედაპირზე ბურთი გაგორდება, თუკი ხელს ვკრავთ, ფანჯარა შესაძლოა გაიღოს, თუ მას ძლიერად დაუბერავს ქარი);
·         სვამს კითხვას, რა განსხვავებაა ხელოვნურსა და გამხმარ ყვავილს შორის? ეხმარება მოსწავლეებს განასხვავონ ერთმანეთისაგან ხელოვნური, ანუ არაცოცხალი სხეული (რომელიც არასდროს  ყოფილა ცოცხალი) და გამხმარი ყვავილი (რომელიც ოდესღაც ცოცხალი იყო);
·         სთხოვს მოსწავლეებს, აირჩიონ რომელიმე მცენარე ან ცხოველი ლოკალური გარემოდან (შინაური ცხოველი, ქოთნის მცენარე), უშუალო დაკვირვების გზით შეისწავლონ მისი სასიცოცხლო გამოვლინებები (მაგ., ღეროს ზრდა სიმაღლეში, ფოთლების მოძრაობა მზისკენ, ყვავილების გაშლა-დახურვა);
·         სთავაზობს მოსწავლეებს, უშუალო დაკვირვების გზით შეისწავლონ ჭიაყელას სასიცოცხლო გამოვლინებები/ნიშნები (მაგ., რეაგირება სინათლეზე ან შეხებაზე და ..), წერილობით აღრიცხონ დაკვირვების შედეგები. აქტივობის ჩატარების დროს მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ცოცხალ ორგანიზმებთან ურთიერთობის ეთიკურ საკითხებზე. აუცილებელია, რომ დაკვირვების შემდეგ ჭიაყელები დააბრუნონ ბუნებრივ საარსებო გარემოში.


ბუნ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აგროვებს ინფორმაციას და მსჯელობს კონკრეტული ორგანიზმის სასიცოცხლო მოთხოვნილებების (საკვები, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი)  შესახებ;
·         ქმნის კონკრეტული ორგანიზმისათვის საარსებო გარემოს მოდელს (მაგ., ჩანახატს, აპლიკაციას ან სხვადასხვა მასალისგან, მაგალითად, პლასტილინისაგან დამზადებულ კომპოზიციას);
·         ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების სხვადასხვა საბინადროს (მაგ., სორო, ბუდე, სახლი), აღწერს მათი აგების თავისებურებებს;
·         იკვლევს მცენარის ზრდისათვის აუცილებელ პირობებს (მაგ., ათავსებს ქოთნის მცენარეს სხვადასხვა პირობებში - სინათლეზე/უსინათლოდ, რწყავს/არ რწყავს), წარმოადგენს კვლევის შედეგებს სხვადასხვა ფორმით (მაგ., ზეპირი მეტყველება, მოკლე ჩანაწერები, ნახატი, ფოტო);
·         ადგენს კვების საკუთარ რაციონში შემავალი პროდუქტების სიას და გამოყოფს ადამიანისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტთა ჯგუფებს (მაგ., ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, რძის პროდუქტები);
·         მსჯელობს გარემოს მნიშვნელობაზე მისი ჯანმრთელობისათვის (მაგ., განიავებული საკლასო ოთახი, სუფთა საცხოვრებელი);
·         იცავს გარემოში სისუფთავეს (მაგ., დანიშნულებისამებრ განათავსებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს)  და აღწერს ამ მიზნით საკუთარი ქმედების მნიშვნელობას.


შინაარსი
მცენარეები და ცხოველები ბინადრობენ სხვადასხვა საარსებო გარემოში - ხმელეთზე, წყალში და ჰაერში. გარემო მათ აძლევს საკვებს, წყალს, ჰაერს, რაც საერთო სასიცოცხლო მოთხოვნილებებია. ცხოველები იკეთებენ საკუთარი საჭიროებების შესაბამის საბინადროს, მაგალითად, სოროს, ბუდეს, ბუნაგს. მცენარეებს არსებობისა და ზრდა-განვითარებისათვის  ესაჭიროებათ წყალი, ჰაერი, მზის სინათლე და სითბო. ადამიანი გარემოდან იღებს  საკვებს, წყალს, ჰაერს, მოიპოვებს მასალას საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად. ჰაერის, წყლის, საკვების დაბინძურება აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მცენარეებსა და ცხოველებზე.

სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·         სთხოვს მოსწავლეებს, იპოვონ შესაბამისობა ცხოველებსა და მათ საბინადროს შორის ილუსტრაციების გამოყენებით (მაგ., მერცხალი - ბუდე, ციყვი - ფუღურო, თაგვი - სორო );
·         სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან მოსაზრება, თუ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო მოთხოვნილების შეზღუდვას (მაგ., სვამს კითხვებს: რა მოუვა ძროხას ბალახი თუ მოაკლდება? როგორ იმოქმედებს ეს ადამიანზე?);     
·         სთხოვს მოსწავლეებს, იმსჯელონ, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს საცხოვრებელი გარემოს დაბინძურებამ;
·         აჩვენებს ხმელეთზე, წყალში, ნიადაგსა და ჰაერში მობინადრე ცხოველების შესახებ ვიდეომასალას და სთხოვს მოსწავლეებს, იმსჯელონ, თუ როგორ იკმაყოფილებენ ისინი საარსებო მოთხოვნილებებს კონკრეტულ გარემოში;
·         აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეომასალას/ილუსტრაციებს ორგანიზმების სხვადასხვა საბინადროს შესახებ, სვამს კითხვებს: რა მასალებს იყენებენ ცხოველები საბინადროს ასაშენებლად? რა მიზანს ემსახურება თავშესაფარი (მაგ., შთამომავლების გამოზრდას, გამოზამთრებას)? როგორ შეესაბამება თავშესაფრის მოწყობა ცხოველის თავისებურებებსა და მისი ცხოვრების ნირს?
·         ატარებს გასვლით გაკვეთილს. სთხოვს მოსწავლეებს, სკოლის ეზოში/მიმდებარე ტერიტორიაზე ან პარკში მოძებნონ და დააკვირდნენ ცხოველების  საბინადროს (მაგ., ფრინველების ან ჭიანჭველების ბუდე), შეისწავლონ (უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით) და აღწერონ  მათი თავისებურებები;
·         ავალებს მოსწავლეებს, გამოიყენონ სხვადასხვა მასალა (მაგ., ტოტები, კენჭები, თივა, მიწა, თიხა და სხვ.) მათთვის ცნობილი რომელიმე ცხოველის საბინადროს ასაგებად და ნამუშევარი წარუდგინონ თანაკლასელებს;
·         ეხმარება მოსწავლეებს, დააკვირდნენ მცენარეების ზრდა-განვითარების პროცესს სხვადასხვა პირობებში (სინათლის არსებობისას/სინათლის გარეშე; რეგულარული მორწყვის პირობებში/მორწყვის გარეშე). ავალებს მოსწავლეებს, აღრიცხონ მონაცემები და წარმოადგინონ სასურველი ფორმით;
·         რთავს მოსწავლეებს სკოლის გარემოს გაუმჯობესებისათვის დაგეგმილ აქტივობებში;
·         სთავაზობს მოსწავლეებს, შექმნან სასურველი ცხოველის მოდელი, წარმოადგინონ ის და ისაუბრონ, რა სჭირდება ამ ცხოველს სიცოცხლისათვის;
·         სთავაზობს მოსწავლეებს,  შექმნან საკუთარი ზოოპარკის მოდელი. სთხოვს, ამოირჩიონ ხუთი ცხოველი, რომლებსაც ამ ზოოპარკში მიუჩენენ ბინას. დახატონ, გამოძერწონ ან ამოჭრან ცხოველების გამოსახულებები სხვადასხვა წყაროდან, განათავსონ შესაბამის ვოლიერებში. მაკეტი წარმოადგინონ საკლასო გამოფენაზე. დაასაბუთონ, თუ რა პრინციპით შეურჩიეს ამა თუ იმ ცხოველს კონკრეტული გარემო;
·         იწვევს მედიცინის მუშაკს მოსწავლეებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის (ჰიგიენის წესების დაცვა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური ვარჯიში) მნიშვნელობის შესახებ  სასაუბროდ.



მიმართულება: სხეულები და მოვლენები

ბუნ.II.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მაგნიტის მოქმედების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ატარებს მარტივ ცდებს მაგნიტის საშუალებით და სხვადასხვა ნივთიერებისგან/მასალისგან დამზადებულ სხეულებს აჯგუფებს მაგნიტთან ურთიერთქმედების მიხედვით;
·         ატარებს მარტივ ცდებს ორი მაგნიტის გამოყენებით და გამოაქვს დასკვნა მაგნიტების პოლუსების ურთიერთქმედების შესახებ;
·         ჩამოთვლის მაგნიტის გამოყენების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან: მაგნიტური დაფა, ჩანთის საკეტი, მაცივარზე დასამაგრებელი ფიგურები და ..;
·         იყენებს მაგნიტს მარტივი პრობლემის გადასაჭრელად (მაგ., რკინის და სხვა მასალისგან დამზადებული სხეულების გროვიდან რკინის სხეულების გამოსაცალკევებლად ან/და    სამაგიდო თამაშის  შესაქმნელად).


შინაარსი
მაგნიტს აქვს ზოგიერთი ნივთიერებისგან/მასალისგან დამზადებული სხეულების    მიზიდვის უნარი. მაგნიტს აქვს ორი  განსხვავებული პოლუსი: ერთნაირი პოლუსები განიზიდავს, ხოლო საწინააღმდეგო პოლუსები მიიზიდავს ერთმანეთს. მაგნიტების გამოყენებით შესაძლებელია ზოგიერთი ნივთიერებისგან/მასალისგან (ძირითადად, რკინა) დამზადებული სხეულების გამოცალკევება სხვა ნივთიერებისგან/მასალისგან დამზადებული სხეულებისგან.  ყოველდღიურ ცხოვრებაში მაგნიტს აქვს ფართო გამოყენება.


სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:  
·         ურიგებს მოსწავლეებს მაგნიტს და სხვადასხვა ნივთიერებისგან/მასალისაგან დამზადებული სხეულების ნაკრებს. სთხოვს მათ, მიუახლოვონ მაგნიტი სხვადასხვა სხეულს და დააკვირდნენ, რა მოხდება. დაკვირვების საფუძველზე გამოიტანონ შესაბამისი დასკვნა;
·         ურიგებს მოსწავლეებს წყვილ ღეროვან ან ნალისებურ მაგნიტს და სთხოვს, დააკვირდნენ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი. შედეგების განხილვის შემდეგ მოსწავლეები აკვირდებიან მაგნიტის და რკინისაგან დამზადებული სხეულის ურთიერთქმედებას და მსჯელობენ ამ ორი ცდის დროს გამოვლენილ მსგავსება/განსხვავებაზე;
·         ურიგებს მოსწავლეების თითოეულ ჯგუფს სამ ღეროვან ან ნალისებურ  მაგნიტს, რომელთაგანაც ერთზე მონიშნულია პოლუსები, ხოლო ორზე კი - არა. სთხოვს მოსწავლეებს, დაადგინონ მოუნიშნავი მაგნიტების პოლუსები, გააფერადონ ან დააწებონ მათზე შესაბამისი ფერის წებოვანი ქაღალდი;
·         ურიგებს მოსწავლეების ჯგუფებს სხვადასხვა ნივთიერებისგან/მასალისგან (მაგ., პლასტმასა, რკინა, პლასტილინი, ხე) დამზადებული (სასურველია, ერთნაირი ფერის და ფორმის) მცირე ზომის სხეულების ნაკრებს და სთხოვს მათ, გამოარჩიონ რკინის სხეულები ჯერ მაგნიტის დახმარების გარეშე, ხოლო შემდეგ უკვე მაგნიტის დახმარებით შეამოწმონ არჩევანის სისწორე.


ბუნ.II.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხეულის და მისი შემადგენელი ნივთიერების/მასალის თვისებების დაკავშირება ამ სხეულის დანიშნულებასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აღწერს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა სხეულს ზომის, ფორმის და შემადგენელი მასალის მიხედვით;
·         ასახელებს მისთვის კარგად  ნაცნობი ნივთიერებების/მასალების (მაგ., ხის, მინის, პლასტმასის) ყოველდღიურობაში გამოყენების მაგალითებს;
·         მსჯელობს, რატომ მზადდება მის მიერ გამოყენებული ზოგიერთი საგანი (მაგ., სკამი, ტანსაცმელი, სათამაშოები) რამდენიმე განსხვავებული ნივთიერებისგან/მასალისგან;
·         ირჩევს ნივთიერებას/მასალას მოცემული დანიშნულების მქონე სხეულის (ან მისი მოდელის) დასამზადებლად, მსჯელობს ამ ნივთიერებების/მასალების თვისებების (მაგ., სიგლუვე, გამჭვირვალობა, დრეკადობა, ტივტივის უნარი, წყალგამტარიანობა) შესაბამისობაზე სხეულის დანიშნულებასთან;
·         მოიპოვებს ინფორმაციას და მსჯელობს, თუ როგორ შეიძლება საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენება ( მაგ., პლასტიკატის ბოთლებისგან ყვავილის ქოთნების დამზადება, მეტალის ნარჩენების ჯართად  ჩაბარება, ქაღალდის - მაკულატურად).


შინაარსი
ადამიანის მიერ შექმნილი სხეულის ფორმა, ზომა და მის დასამზადებლად გამოყენებული ნივთიერების/მასალის სახეობა დამოკიდებულია ამ სხეულის დანიშნულებაზე. ზოგი სხეული შედგება მხოლოდ ერთი სახის ნივთიერებისგან/მასალისგან, ზოგი კი სხვადასხვა ნივთიერებისგან/მასალისაგან. საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მათი ჯეროვანი გადამუშავება მნიშვნელოვანი პრობლემაა. თანამედროვე ტექნოლოგიები ზოგიერთი ნივთიერების/მასალის (ქაღალდი, მეტალები, პლასტმას, მინა) ხელახალი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ სასურველია ამ ტიპის ნარჩენების  შეგროვება/დახარისხება.

სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:  
·         ურიგებს მოსწავლეებს სხვადასხვა ნივთიერებისგან/მასალისაგან (მაგ., ქაღალდი, რკინა, ორგმინა, პლასტლინი) დამზადებულ სხეულებს და ავალებს, გამოიკვლიონ ამ ნივთიერებების/მასალების თვისებები (მაგ., სიგლუვე, გამჭვირვალობა, დრეკადობა, წყალგამტარიანობა, იძირება თუ არა წყალში), დაასახელონ, კიდევ რის/რომელი საგნების დასამზადებლად შეიძლება ამ ნივთიერებების/მასალების გამოყენება;
·         ურიგებს (ან აჩვენებს) მოსწავლეებს ორი ან მეტი ნივთიერებისგან/მასალისაგან დამზადებულ სხეულს და სთხოვს, გაარკვიონ ამ ნივთიერებების/მასალების რა თვისებები განაპირობებს მათ გამოყენებას მოცემული სხეულის დასამზადებლად;
·         სთავაზობს მოსწავლეებს, შეარჩიონ მათთვის კარგად ნაცნობი რომელიმე საგანი და იმსჯელონ, თუ რა განსხვავებული ნივთიერებებით/მასალებით არის შესაძლებელი მსგავსი დანიშნულების საგნის დამზადება, დაასაბუთონ თავიანთი არჩევანი და შეადარონ ორიგინალს ანუ თავდაპირველად შერჩეულს.  განიხილონ ცვლილების დადებითი და უარყოფითი მხარეები;
·         სთხოვს მოსწავლეებს, მოიძიონ ინფორმაცია ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადამუშავების შესახებ (მაკულატურა, ჯართი, მინის და პლასტმასის ჭურჭელი). ასევე, მოიფიქრონ, თუ როგორ შეიძლება გამოცალკევდეს  და შეგროვდეს ამ ტიპის ნარჩენები (მაგ., რკინა მიიზიდება მაგნიტით, პლასტმას  ტივტივებს წყალში).

მიმართულება:  დედამიწა და გარესამყარო


ბუნ.II.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს წყლისა და ხმელეთის  ობიექტების  აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს და აღწერს მშობლიურ გარემოში წყლისა (მაგ., ზღვა, ტბა, მდინარე) და ხმელეთის (მაგ., მთა, ვაკე) ობიექტებს;  
·         აღწერს ბუნებაში ან/და თვალსაჩინოებაზე დამზერილ წყლისა და ხმელეთის ობიექტებს   ისი შემადგენელი ნაწილების მიხედვით (მაგ., მთა - მთის მწვერვალი, კალთა და ძირი, მდინარე -  ნაპირი, ფსკერი);
·         აკვირდება, აღწერს და ადარებს ერთმანეთს ბუნებრივ გარემოში მოპოვებულ ქვებს. აჯგუფებს მათ სხვადასხვა ნიშნის (მაგ., ფერის, ზომის, ფორმის, სიგლუვის) მიხედვით;
·         შეისწავლის სხვადასხვა ადგილიდან აღებული მიწის ნიმუშებს ლუპით და შეხებით, ადარებს მათ სხვადასხვა ნიშნით (მაგ., ფერი, ნაწილაკების ზომა, სიფხვიერე, ტენის შემცველობა), აცნობს თანაკლასელებს დაკვირვების შედეგებს;
·         ატარებს მარტივ ცდას სხვადასხვა  ბუნებრივ გარემოში (აგ., ბაღი, ტყე,  მდინარის ან ზღვის ნაპირი, მდელო) მოპოვებული მიწის ნიმუშების წყალგამტარიანობაზე.

შინაარსი
დედამიწის ნაწილებია წყალი და ხმელეთი. ისინი წარმოდგენილია წყლის ობიექტების (მაგ., წყარო, ნაკადული, მდინარე, ტბა, ზღვა) და ხმელეთის ობიექტების (მაგ., მთა, ვაკე) სახით. წყლისა და ხმელეთის ობიექტები ქმნიან ბუნებრივ გარემოს. ისინი შედგება ცალკეული ნაწილებისაგან. მაგალითად, მთას აქვს მთის მწვერვალი, კალთა და ძირი, ხოლო მდინარეს - ნაპირი, კალაპოტი. დედამიწის ზედაპირზე გვხვდება სხვადასხვა სახის მიწის, ქვების ნიმუშები. ბუნებაში არსებული წყალი შეიძლება იყოს მტკნარი ან მლაშე/მარილიანი.

სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:  
·         გაიყვანს მოსწავლეებს ლოკალურ გარემოში და სთხოვს, აღწერონ  გეოგრაფიული ობიექტები შესაბამისი ტერმინების გამოყენებით (მაგ., ჩქარი მდინარე, მაღალი მთა, ქვიშიანი სანაპირო, მარჯვენა/მარცხენა ნაპირი);
·         სთავაზობს მოსწავლეებს, სურათზე ან ფოტოებზე ამოიცნონ და დაახასიათონ სხვადასხვა ობიექტი (მთა, მდინარე, ტბა და სხვ.). სთხოვს, დააჯგუფონ ისინი წყლის და ხმელეთის ობიექტებად;
·         სთხოვს მოსწავლეებს, დახატონ ან შექმნან გეოგრაფიული ობიექტების მოდელები (მაგ., პლასტილინისაგან შექმნან მთის მოდელი);
·         სთავაზობს მოსწავლეებს თამაშს: მოსწავლე ირჩევს რომელიმე ობიექტს, ახასიათებს მას სამი ნიშნის მიხედვით, ხოლო  თანაკლასელებმა კი უნდა ამოიცნონ და დაასახელონ ეს ობიექტი.


ბუნ.II.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ  ცხოვრებაში  გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჩამოთვლის ბუნებრივ რესურსებს, რომლებსაც იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში  (მაგ., წყალი, შეშა, ბუნებრივი აირი) და ლაპარაკობს მათ მნიშვნელობაზე;
·         მოიძიებს ინფორმაციას, თუ როგორ მოიპოვებენ ადამიანები ლოკალურ გარემოში არსებულ ბუნებრივ რესურსებს (მაგ., სასმელი წყალი, ხე-ტყე, სამშენებლო ქვები);  
·         ვარაუდობს, რა შეიძლება მოხდეს ბუნებრივი რესურსების ამოწურვის შემთხვევაში;
·         უზიარებს თანაკლასელებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ იცავს ან/და ზოგავს ბუნებრივ რესურსებს;
·         მსჯელობს, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მდინარის/ტყის საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურებამ.

შინაარსი  
სასმელი წყალი, ტყე, სამშენებლო ქვები ადამიანისთვის და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებია. ზოგიერთი ბუნებრივი რესურსი (მაგ., სასარგებლო წიაღისეული, ტყე) დედამიწაზე ამოწურვადია, ამიტომ აუცილებელია მათი დაზოგვა და გაფრთხილება.


სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·         სთხოვს მოსწავლეებს, მოიყვანონ ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის გამოყენების მაგალითები;
·         სთხოვს მოსწავლეებს, იმსჯელონ, თუ როგორ შეუძლიათ   რესურსების დაზოგვა სკოლაში და სახლში  (მაგ. გამორთონ შუქი, როდესაც ის არ არის საჭირო);
·         სთხოვს მოსწავლეებს, იმსჯელონ, თუ რა შეიძლება მოყვეს ზოგიერთი ბუნებრივი რესურსის მარაგის ამოწურვას (მაგ., ხე-ტყის გაჩეხვის შედეგად ცხოველები დაკარგავენ თავშესაფარს, გარემო გახდება ულამაზო, ჰაერი აღარ იქნება სუფთა). სთხოვს, გამოთქვან მოსაზრება ამ შედეგის თავიდან აცილების გზებზე (მაგ., ტყის მუდმივი განახლება, ხეების დარგვა);
·         სთხოვს მოსწავლეებს, იმსჯელონ წყლის მნიშვნელობაზე მცენარეებისა და ცხოველებისათვის (წყალი - როგორც სასიცოცხლო მოთხოვნილება, გადაადგილების ან თესლის გავრცელების საშუალება და სხვ.);
·         აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეოს, სადაც ასახულია, რა გზას გაივლის წყალი წყალსატევიდან ონკანამდე; ახატინებს  მარტივ სქემას;
·         გაიყვანს მოსწავლეებს დაბინძურებულ ბუნებრივ გარემოში ან აჩვენებს დაბინძურებული გარემოს ამსახველ მასალებს (ფოტოს, ვიდეოს), სთხოვს, იმსჯელონ დაბინძურების შესაძლო შედეგებზე.



No comments:

Post a Comment